ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 109 წელი შესრულდა.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1-ელ ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.
ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდანაც აღიარების მოპოვება. და აი, 1990 წელს, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე (მაშინ ეს დღესასწაული 4 მარტს მოუწია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დიდი ძალისხმევით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს I-მა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი, - ტომოსი.
დღეს, 25 მარტს, ასევ არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე. აქედან გამომდინარე სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სადღესასწაულო პარაკლისს, შემდეგ კი პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ეკლესიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველო მწუხარებითა და ტკივილით არის მოცული პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხვალინდელ დღეს აუცილებლად აღინიშნება ავტოკეფალიის აღდგენის დღე. 14:00 საათზე დაგეგმილია პარაკლისი. ტრადიციულად, პატრიარქი მობრძანდებოდა სიონის ტაძარში და უშუალოდ იხდიდა პარაკლისს. ამჯერად, პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო გადაიხდის სადღესასწაულო პარაკლისს“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.