ჯაღმაიძე: ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება სამარადჟამოდ დაუკავშირდა ილია II-ს სახელს

25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება სამარადჟამოდ დაუკავშირდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სახელს და ეს არა მხოლოდ ქართული ეკლესიისთვის, არამედ ერისთვისაც უმნიშვნელოვანესი დღეა, განაცხადა საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
ზვიადაძის განცხადებით, 25 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში, სინოდის წევრებთან ერთად, აღავლენს პარაკლისს, რის შემდეგაც აღევლინება პანაშვიდი საქართველოს პატრიარქის ილია მეორესთვის, რადგან ხვალ მისი გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა.
„ავტოკეფალია ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, როცა ეკლესია თავად განაგებს საკუთარ თავს და სხვა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაზე დამოკიდებული არ არის. როცა 1811 წელს გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა. საქართველოს ეკლესიას ჰქონდა უძველესი ავტოკეფალია და მისი გაუქმება მხოლოდ შეეძლო მსოფლიო საეკლესიო კრებას. ვინაიდან ასეთი კრება არ გამართულა, ამდენად, კანონიკურ საფუძველს მოკლებული იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება", - განაცხადა დეკანოზმა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1917 წელს აღიდგინა ავტოკეფალია, რასაც ბევრი თაობის სიცოცხლე და ძალისხმევა შეეწირა.
„საპატრიარქოს არქივი ინახავს წერილებს, როგორ მიმართავს პატრიარქი მსოფლიო ადგილობრივი ეკლესიის მეთაურებს და წარმოუდგენლად საფუძვლიანი ცოდნით წარმოაჩენს იმას, რომ საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან იყო ავტოკეფალიური. ამ დღეს თავად პატრიარქი ყოველთვის მობრძანდებოდა სიონის ტაძარში და ქართველ ერს ამ დღეს ულოცავდა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
დეკანოზის თქმით, ილია მეორის ღვაწლი განუზომელია ქართული ერის წინაშე და მისი აღსაყდრების უპირველესი მიზანი ავტოკეფალიის დაბრუნება იყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.