თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ეროვნული ბანკის მოწვევით საქართველოს მსხვილი ამერიკული საინვესტიციო კომპანიების დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც ისეთი ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიები არიან, როგორიცაა JPMorgan-ი, Morgan Stanley Investment Management-ი, Kirkoswald-ი, Aberdeen-ი, MetLife-ი, იუწყება ეროვნული ბანკი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, გაიმართება ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან.
შეხვედრებზე ქართული მხარე ამერიკელ სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს გააცნობს. ამასთან, ინვესტორებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორის მდგრადობის შესახებ.
„ამერიკელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მსგავსი ფორმატის შეხვედრების ფარგლებში ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკელი ინვესტორების ნდობას და საქართველოსადმი მაღალ ინტერესს.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი ასევე მონაწილეობას მიიღებს კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს „თიბისი კაპიტალის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით იმართება.