საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა

თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც 24-25 მარტს ვაშინგტონში გაიმართება.
სამიტი მიეძღვნება ბავშვთა უფლებებს, მათ შორის სოციალურ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვასა და ტექნოლოგიების გავლენას მათ განვითარებაზე. ამერიკული მედია იუწყება, რომ მელანია ტრამპის ოფისმა მოწვევები გაუგზავნა იმ ქვეყნების პირველ ლედებს, რომლებსაც ვაშინგტონი „ძლიერ პარტნიორებად“ მიიჩნევს.
სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს. დისკუსიების მიზანია ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ პირველ პირთა მეუღლეების მხარდაჭერის შეფასება და მათ საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრამდე კი სამუშაო სესია გაიმართება, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უმასპინძლებს. სამუშაო სესიის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია, რომლის მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ბავშვებს შესაძლებლობების გამოყენებასა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
24-25 მარტს დაგეგმილ ღონიეძიებაში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირველი ლედი იქნება აშშ-ის პირველი ლედის ორგანიზებულ ფორუმზე, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს წარმოსაჩენადაც.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.