თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი მავნებლის გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2026 წლის პროგრამა თებერვალში დაამტკიცა, რომლის მიზანიც სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის შემცირებაა.
„მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების, მიტოვებული შენობების და ტყისპირა ზოლების ვიზუალური დათვალიერება. ბრძოლის ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მონიტორინგის პარალელურად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. სპეციალისტები ადგილობრივებს სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის მეთოდებს აცნობენ, რომელთა შორის განსაკუთრებით ეფექტიანია მექანიკური მეთოდების გამოყენება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მომდევნო ეტაპზე „მონიტორინგის ხაფანგებს“ დაამონტაჟებენ, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ განთავსება, შემდეგ კი, ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები დაიწყება.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი განსაკუთრებით საშიშია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შემდგომ წლებში მან თხილის, ციტრუსისა და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
შედეგად, საქართველოს მთავრობამ მავნებლთან საბრძოლველად სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგ და ტერიტორიების ქიმიური დამუშავება.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იქნა აღიარებული. ამჟამად საქართველო თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.