ჯართის, საბურავების უკანონო განთავსებისთვის დაწესებული ჯარიმები რეგიონებზეც გავრცელდება

საქართველოს დედაქალაქში ძველი საბურავების, მანქანების, ჯართის და აალებადი ნივთიერებების განთავსება-რეალიზაციის ახალი წესები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ადმინისტრაციული ჯარიმები, რომელიც მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ამჟამად მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.
პარლამენტში განსახილველად „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებია წარდგენილი, რომლის მიხედვით, შესაბამისი ფინანსური სანქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც იქნება შემოღებული.
„სახელმწიფო ვალდებულია ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, გარემოს დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნა უზრუნველყოს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტის თანახმად, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული არ არის - გამოიწვევს ფიზიკური პირის 2,5 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის − 5 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი - 5 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 ათასი ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი - 10 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 30 ათასი ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, ზემოხსენებული მასალების საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან რეალიზაცია - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდებით, ხოლო იურიდიული პირის - 2,5 ათასი ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2,5 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 5 ათასი ლარით.
აღნიშნული დარღვევა ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2,5 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 5 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 5 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15 ათასი ლარით.
საქართველოს დედაქალაქში მეორადი საბურავების, ავტომობილების, ჯართის და აალებადი ნივთიერებების განთავსება-რეალიზაციის ახალი წესები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.
თბილისის საკრებულომ მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებას ან/და რეალიზაციის ახალი წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ჯერ კიდევ 2024 წელს დაამტკიცა.
რეგლამენტი ძალაში ჯერ კიდევ 2025 წლის 1-ელ იანვარს უნდა შესულიყო, მაგრამ ბიზნეს-სექტორის მოუმზადებლობის გამო მისი ამოქმედება გადაიდო.