თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გავრცელება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის განცხადებით, 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი შევიდა. ზარების ავტორი აცხადებდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია. მან სამართალდამცველებს ხალხის ევაკუაციისთვის დრო 20 წუთი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფეთქებით დაიმუქრა.
ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP-მისამართი.
„გუშინ საღამოსვე შევძელით დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები. არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია განცხადებაში.
არასრულწლოვანს ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
22 მარტს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც ასობით ათასი მოქალაქე, საქართველოს ხელისუფლების წარმოადგენლები, სასულიერო პირები და უცხოეთის დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.