თბილისი, 22 მარტი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა.
კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ - ვაჰაგნ ხაჩატურიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის დაკრძალვას დელეგაციასთან ერთად დაესწრება.
რაც შეეხება სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ II-ს, მას ოფიციალური ნებართვა არ მიეცა საქართველოს დედაქალაქში ჩასასვლელად, რათა დასწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვას.
კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ სამგლოვიარო ცერემონიებსა და ლიტურგიაში. ადვოკატმა მოითხოვა კათოლიკოსის დროებითი გამგზავრება ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად და ეს მეზობელ ქვეყანაში გლოვის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია, თუმცა უარი მიიღო.
მანამდე, 19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარეგინ II-ის მონაწილეობა საქართველოს პატრიარქის დაკრძალვაში არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში კათოლიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიაცოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორქ საროიანის გადაყენებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.