საქართველოს პირველი პირები პატრიარქს გამოემშვიდობნენ

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს და აღნიშნეს უწმინდესობის გადამწყვეტი როლი ქვეყნის, ეკლესიისა და ხალხის გაერთიანებაში.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო და კვლავ არის ერის გამაერთიანებელი.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, ილია მეორე იყო ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ილია მეორემ ქართველებს ასწავლა, რომ უდიდესი განსაცდელების დროსაც კი გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ემშვიდობება პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი.
„დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელი დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისნ განცხადებით, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი.
„მან ეს შეძლო. და სწორედ ასე წარსდგა უფლის წინაშე - პირნათელი და მადლმოსილი. ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი”, -განაცხადა პაპაუშვილმა.
დღეს ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.