საქართველოს სულიერი მამა: მსოფლიო საქართველოსთან ერთად გლოვობს

საქართველო უკვე რამდენიმე დღეა სამძიმარს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური უწყებები, სასულიერო პირები და დიასპორა.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს სულიერი მამა, ქართველი ერის მეგზური, ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური ლიდერი, რწმენის ძალის მაგალითი - ამ სიტყვებით გამოხატეს მსოფლიო ლიდერებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი.
ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ის 49 წლის განმავლობაში ედგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი პატრიარქობის დროს, მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, საქართველოს ხელისუფლებასთან ხელი მოეწერა კონკორდატს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ მსოფლიოს ლიდერებისგან მრავალი სამძიმრის წერილი მიიღო - მწუხარება გამოთქვეს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა, ასევე კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ლეო XIV-მ.
პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვეს მეზობელმა ქვეყნებმაც.
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საელჩოებში სამძიმრის წიგნები გაიხსნა, სადაც ხელმოწერები დატოვეს მსოფლიო ლიდერებმა, რომლებმაც საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლეს.
ვატიკანში, საქართველოს საელჩოში სამძიმრის ჩანაწერი დატოვეს წმინდა საყდრის წარმომადგენლებმა.
გერმანიაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სახელით გაკეთდა. საელჩოში მივიდნენ გერმანიის საგარეო უწყების მაღალჩინოსნები.
პოლონეთის პრეზიდენტის სახელით კი ვარშავაში მდებარე საქართველოს საელჩოში მივიდა კაროლ ნავროცკის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი, ასევე ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსი, მეუფე აბელი. საქართველოს საელჩოს, პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი და პრეს-სპიკერი ეწვივნენ, მათ სამძიმრის წიგნში შესაბამისი ჩანაწერები გააკეთეს.
ათენსა და სალონიკში საელჩოებს ეწვივნენ საბერძნეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები. ბუქარესტში კი საქართველოს საელჩოში, ანთიმოზ ივერიელისა და კიაჟნას მონასტრების წინამძღვრებმა პანაშვიდი გადაიხადეს.
დოჰას მართლმადიდებლურ ტაძარში პანაშვიდი აღავლინა კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა. ლოცვა შესრულდა რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულად. ღვთისმსახურებას ყატარში საქართველოს ელჩი ვაკო ავალიანი ესწრებოდა. საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს ესპანეთის საგარეო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა. ნიუ-იორკში, გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ - ილია მეორე საქართველოს მეცხრე პატრიარქი იქნება, ვინც სიონის ტაძარში დაიკრძალება. სიონის ტაძარში დაკრძალული არიან: კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია, ლეონიდე, ქრისტოფერე, კალისტრატე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე, დავით მეხუთე.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.