თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის წესის აგების მსახურება დასრულდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
ღვთისმსახურება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებიან სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, ისე როგორც დაკრძალვას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.
სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები: „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა ოფიციალური პირები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.
სამებიდან საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე ტერიტორიაზე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.