მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა
Sputnik
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
აეროპორტიდან მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართა - 12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებიან სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, ისე როგორც დაკრძალვას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.