„გვიყვარხარ პატრიარქო“ - ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
„გვიყვარხარ პატრიარქო“ - ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს.
ილია მეორე სამების ტაძრიდან გამოასვენეს
საქართველოს პატრიარქს სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ. სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
ილია მეორე სამების ტაძრიდან გამოასვენეს
წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.