თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ სიონის საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ეს არის განსაკუთრებული ჯილდო საქართველოს ეკლესიის იტორიაში, რომლითაც აქამდე არავინ დაჯილდოებულა, რაც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განსაკუთრებული ღვაწლის გამოხატულებაა.
„სრულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას, ასევე თქვენი ლოცვით დაგვირგვინდა ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწიწებით გამოხატულებაა წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართმადიდებლული ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომლითაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანანიამ.
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. პატრიარქმა სიცოცხლეშივე თავად ინება, რომ სწორედ სიონის ტაძარი ყოფილიყო მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
ილია მეორე მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის ტაძარში დაიკრძალა - დაკრძალვამდე, სიონის ტაძარში დასვენებისას, აღევლინა უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ილია მეორე სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს. „გვიყვარხარ პატრიარქო“ -სწორედ ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან. სამებიდან სიონის ტაძრის მთელ პერიმეტრზე განლაგებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.
სამგლოვიარო მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. 18 მარტიდან სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო. ამ დღეების განმავლობაში ტაძართან იმ ადამიანთა ნაკადი, რომელთაც პატრიარქთან დამშვიდობება სურდათ, უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიედინებოდა.
დღეს დილიდან სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა, რომელიც საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. წესის აგების მსახურება კი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებიან სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.