თბილისი, 21 მარტი - Sputnik. კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას საქართველოს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ - კეთდება ჩანაწერები საქართველოს საელჩოებში გახსნილ სამძიმრის წიგნებში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა.
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
"მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. მსოფლიომ ჭეშმარიტად ისტორიული პიროვნება დაკარგა, რომლის მამობრივი სიყვარული და ზნეობრივი სიცხადე სცილდებოდა საქართველოს საზღვრებს. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ქართველი ხალხის გვერდით ვართ. მარადიული იყოს მისი ხსოვნა"- აღნიშნა სამძიმრის წერილში კვიპროსის რესპუბლიკის პარლამეტის თავმჯდომარემ.
კვიპროსში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს და ქართველ ერს მიუსამძიმრეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კვიპროსის რესპუბლიკაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.
პოლონეთის პრეზიდენტის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმაც.
კოლარსკიმ თანაგრძნობა გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ქვეყნის სულიერი ლიდერის გარდაცვალებამ გამოიწვია და ხაზი გაუსვა ილია II-ის, როგორც უდიდესი სულიერი ავტორიტეტის, როლს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ თურქეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიას ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
"ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას, ქართველი ხალხის მიმართ", - დაწერა მან საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.