თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გამკაცრებასთან დაკავშირებით მოქალაქეების მიერ სავიზო დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 ათას დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ.
"ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში. ეს გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიპოია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი) დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლევადიანი ვიზებისთვის - საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს 5 ათასი, 10 ათასი ან 15 ათასი აშშ დოლარი, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.
შესაბამისი გადაწყვეტილება 2 აპრილიდან ამოქმედდება. გირაოს თანხა დაუბრუნდებათ იმ პირებს, რომლებიც სამშობლოში ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით დაბრუნდებიან ან თუ აშშ-ში საერთოდ არ გაემგზავრებიან
კერძოდ, მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტულ და ბიზნეს, იგივე B1 და B2 კატეგორიის ვიზებს მხოლოდ ერთჯერადად გასცემს, ნაცვლად აქამდე არსებული 10-წლიანი მულტივიზის აღების შესაძლებლობისა. ახალი რეგულაციებით, ვიზები აშშ-ში ერთჯერად შესვლას უზრუნველყოფს - ვიზის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში, არაუმეტეს 30 დღის ვადით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
ცნობისთვის, მსგავსი ტიპის სიაში უკვე იყვნენ: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ"ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.
2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-მ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეიზღუდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.