თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით.
გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.
რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ "ავლაბრიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვისა და გულის უკმარისობა გახდა.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გლოვის პერიოდში აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა. რამდენიმე თეატრმა უკვე გააუქმა წარმოდგენები. ილია მეორის გარდაცვალების გამო "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა მარნეულის მუნიციპალიტეტმაც. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
გუშინ ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში გაიმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.