პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი - ბიოგრაფიის დეტალები

მიტროპოლიტი შიო მუჯირი პატრიარქმა ილია მეორემ თანამოსაყდრედ 2017 წლის ნოემბერში დაასახელა.
Sputnik
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი ოფიციალურად გახდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
მართლმადიდებლობაში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე არის ეპისკოპოსი, რომელიც დროებით ასრულებს პატრიარქის როგორც ეკლესიის წინამძღოლის მოვალეობებს.
მიტროპოლიტი შიო მუჯირი პატრიარქმა ილია მეორემ თანამოსაყდრედ 2017 წლის ნოემბერში დაასახელა. იმ დროიდან მიტროპოლიტი კათოლიკოს-პატრიარქის თანდასწრებით ატარებდა სადღესასწაულო წირვებს და მრევლს მის წერილებს უკითხავდა.
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თბილისში 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. სწავლობდა დედაქალაქის 53-ე სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში მიეწყო.
ელიზბარ მუჯირი მორჩილად შიომღვიმის მონასტერში 1991 წელს დაემკიდრა.
ბერად 1993 წელს აღიკვეცა და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
1998 წელს ბათუმში იოანე ოქროპირის სასულიერო სემინარია დაამთავრა და დაუსწრებლად სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია.
იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.
მიტროპოლიტი შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე შეასრულებს. სინოდი შედგება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვისა და გულის უკმარისობა გახდა.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.