თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და "კლოჩე სარე სალეს" საზეიმო ცერემონიას აუქმებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვისა და გულის უკმარისობა გახდა.
"ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის. მისი მოღვაწეობა ქვეყნის სულიერი აღორძინების, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო იყო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, მრევლსა და სრულიად საქართველოს", - ნათქვამია საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებაში.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გლოვის პერიოდში აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა. რამდენიმე თეატრმა უკვე გააუქმა წარმოდგენები. ილია მეორის გარდაცვალების გამო "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმეს მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმაც. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
გუშინ ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში გაიმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.