თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიონის ტაძრის საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაკრძალავენ, ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მედია დეკანოზ გიორგი სამანაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა.
ამ დროისთვის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მარადიული განსასვენებლის მოსაწყობად სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები, ასევე არქიტექტორები, რომლებიც ტაძრის შიდა ტერიტორიასა და გამოყოფილ სივრცეს დეტალურად სწავლობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კონკრეტული ადგილი, სადაც განსასვენებელი უნდა მოეწყოს, თავად პატრიარქის სურვილითა და გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული - საკურთხეველთან, სადაც წმინდა ნინოს ხელნაკეთი ჯვარია დაბრძანებული.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
ილია მეორე საქართველოს მეცხრე პატრიარქი იქნება, ვინც სიონის ტაძარში დაიკრძალება. იქ არის დაკრძალული ყველა პატრიარქი, რომელიც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ჰყავდა: კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1917 წწ.), ლეონიდე ოქროპირიძე (1919-1921 წწ.), ამბროსი ხელაია (1921-1927), ქრისტეფორე III ციცქიშვილი (1927-1932 წწ.), კალისტრატე ცინცაძე (1932-1952 წწ.), მელქისედეკ III ფხალაძე (1952-1960 წწ.), ეფრემ II სიდამონიძე (1960-1972 წწ.), დავით V დევდარიანი (1972-1977 წწ.).
გუშინ ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გლოვის პერიოდში აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა. რამდენიმე თეატრმა უკვე გააუქმა წარმოდგენები. ილია მეორის გარდაცვალების გამო "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმეს მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმაც. ასევე საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ "კლოჩე სარე სალეს" საზეიმო ცერემონიას გააუქმა. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.