თბილისი, 18 მარტი — Sputnik. მოსკოვი მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„დავიწყებ... სამძიმრის სიტყვებით თქვენი მედიასაშუალების მეშვეობით საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები საქართველოს ხალხის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც თანაუგრძნობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას“, - განაცხადა ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოდან ჩასული ჟურნალისტის მიმართვისას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა განსაკუთრებული სითბოთი და სულიერი მოწიწებით ეკიდება თავის რელიგიას.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.