თბილისი, 18 მარტი - Sputnik. წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ განაცხადა, წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ გახსნა. სხდომაზე მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე.
„აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი პატრიარქმა ილია მეორემ თანამოსაყდრედ 2017 წლის ნოემბერში დაასახელა. ელიზბარ მუჯირი მორჩილად შიომღვიმის მონასტერში 1991 წელს დაემკიდრა. ბერად 1993 წელს აღიკვეცა. 1996 წელს კი ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.
2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, მიტროპოლიტი კი 2010 წელს გახდა და ქართული ეკლესიის საკანონიხზაციო კომისიის შემადგენლობაში შევიდა.
მოსაყდრე ეს უმაღლესი იერარქის საეკლესიო ტიტულია, რომელიც პატრიარქის მოვალეობას დროებით ასრულებს.
ამასთან, მოსაყდრეს ევალება პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში უმწყემსმთავროს ეკლესიას და მოამზადოს ახალი პატრიარქის არჩევნები. თანამოსაყდრეს შეუძლია საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს პატრიარქის ტახტზე, ისევე როგორც სხვა მღვდელმთავრებს ეძლევათ ამისი კანონიკური უფლება. თანამოსაყდრე არ ნიშნავს პატრიარქის მემკვიდრეს. „თანამოსაყდრე“ ისტორიული ტერმინია და ნიშნავს თანაზიარს მეფობისას ან მღვდელმთავრობისას.
მიტროპოლიტი შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე შეასრულებს.
როგორ ტარდება არჩევნები
პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდის სხდომა კანდიდატების შესარჩევად. სხდომაზე გამოვლინდება სამი კანდიდატი გაფართოებული კრებისთვის წარსადგენად, რომელიც აირჩევს სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება - გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.