კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის დაცვას ვეღარ განახორციელებენ

რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში იქნება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რკინიგზის სადგურებში სატვირთო და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას კერძო კომპანიების ნაცვლად საქართველოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს.
შესაბამისი ცვლილებები „სარკინიგზო კოდექსში“ შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით - 86 ხმით, ერთხმად მიიღო.
ცვლილებების თანახმად, კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ. ამასთან, ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით, რკინიგზასა და კერძო დაცვის ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებები მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ძალაში დარჩება.
გარდა ამისა, მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე იმ ობიექტების ნუსხას, რომელთა დაცვას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. „საქართველოს რკინიგზა" ასევე უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.