პატრიარქი კირილი: ილია მეორის პატრიარქობის წლები ქართული ეკლესიის ცხოვრებაში ეპოქად იქცა

ილია მეორე მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილიას პატრიარქობის თითქმის ორმოცდაათი წელი ქართული ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში ეპოქად იქცა, ნათქვამია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის სამძიმრის წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ იმ მძიმე დანაკლისის გამო, რომელიც დაატყდა თავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას აჩუქა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე დაუღალავი ზრუნვით მიუძღვნა მის კეთილდღეობას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
როგორც რუსეთის პატრიარქი აღნიშნავს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, როგორც მრავალი ბავშვის ნათლია, ასევე გახდა მთელი ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა, რომელიც მასში ღვთის სიბრძნეს ხედავდა.
პატრიარქ კირილის განცხადებით, ილია მეორეს რუსულ ეკლესიასთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ის „რუსეთის ეკლესიებს არაერთხელ სტუმრობდა და უცვლელად ხვდებოდა ყველაზე გულთბილ დამოკიდებულებასა და თაყვანისცემას მთავარეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და მრავალი მორწმუნის მხრიდან“.
„პირადად ჩვენ ძალიან კეთილი და ნდობით სავსე ურთიერთობა გვქონდა, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეცვალა მოსაზრებები და ობიექტურად შეგვეფასებინა ის, რაც იმ დროს საბჭოთა კავშირში ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობების სფეროში ხდებოდა. ეს ნდობის ურთიერთობები გვაერთიანებდა და გვეხმარებოდა ერთად გვემუშავა უღმერთო ხელისუფლების ზეწოლის ტვირთის შესამსუბუქებლად და მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენს მაშინდელ გაერთიანებულ ქვეყანაში", - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის, კირილის სამძიმრის წერილში.
საქართველოს ილია II-ის გარდაცვალება უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა.
„ილია II იყო სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრება მიძღვნილი იყო ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებისთვის. მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში იგი რჩებოდა სულიერ ორიენტირად მრავალი მორწმუნისთვის, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცების, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებისა და საზოგადოების სულიერი აღდგენისათვის სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ“, - ნათქვამია სამძიმრილის წერილში.
როგორც უკრაინის მიტროპოლიტი აღნიშნავს, პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის.
„მისი მსახურება შთააგონებდა მრავალ ადამიანს, ეხმარებოდა მათ განსაცდელების გადალახვასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი. გულითადად ვუსამძიმრებ სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო“, - დაწერა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
დღეს, 16:00 საათზე, წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.