თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„ილია მეორის დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარების, საზოგადოების კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში მუდამ დარჩება ყველას მეხსიერებაში. სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას და თანავუგრძნობ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ძმურ ქართველ ხალხს, ვუსურვებ ძალას და სიმტკიცეს ამ რთულ მომენტში“, - ნათქვამია ფაშინიანის სამძიმრის წერილში.
სომხეთის პრემიერმა თავის წერილში აღნიშნა, რომ ღრმა მწუხარებით მიიღო ცნობა თანამედროვეობის გამორჩეული რელიგიური ფიგურის გარდაცვალების შესახებ. მისი თქმით, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის ღირებულებებს გამოხატავდა.
საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვა გამოცხადდა. ყველა სახელმწიფო უწყების შემობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დღეს, 16:00 საათზე, წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.