მსოფლიო პატრიარქმა ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა

ილია მეორე მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი
Sputnik
თბილისი, 18 მარტი - Sputnik. მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად მისი სახელით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიო საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში გაიმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.