თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის თარიღის გამოცხადების შემდეგ განისაზღვრება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებით, ალბათ, შეტყობინება გამოიგზავნება. როცა მას მივიღებთ, მაშინ მოხდება ჩვენი ეკლესიის დელეგაციის ჩამოყალიბება, რომელიც მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა დეკანოზმა.
იაკიმჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს და რუსეთის პატრიარქებს შორის მჭიდრო კავშირები და მისი განსაკუთრებული როლი საქართველოსთვის.
„მისი უწმინდესობა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მხრცოვანი წინამძღოლი იყო, მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. ჩვენს ეკლესიაში მას დიდ პატივს სცერმდნენ, ვინაიდან მას ჩვენთან ბევრი რამ აკავშირებდა“, - განაცხადა დეკანოზმა.
მისი თქმით, ილია II ისტორიული ფიგურა იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
„საქართველოში ის პირდაპირი მნიშვნელობით ერის მამა იყო. მან ეკლესია 1977 წელს ჩაიბარა, როდესაც ის იყო დაჩაგრულ მდგომარეობაში, მცირერიცხოვანი და მხოლოდ ერთი მოქმედი სასულიერო სემინარიით. მან ის ააყვავა“, - აღნიშნა დეკანოზმა.
იაკიმჩუკის თქმით, მრავალი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო, რადგანაც უყვარდა ადამიანები და ადამიანებსაც უყვარდათ იგი.
საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვა გამოცხადდა. ყველა სახელმწიფო უწყების შემობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დღეს, ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოსთან კოორდინაციით შეიქმნება დამკრძალავი კომისია, პანაშვიდები კი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.