ილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ: მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე იმსჯელებენ.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საპატრიარქოს რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 16:00 საათზე გადაასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„დღეს 2026 წლის 18 მარტს მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16:00 საათზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპატრიარქოში 18 მარტს, 14:00 საათზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელზეც პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე იმსჯელებენ. ამ დროისთვის საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სინოდის სხდომის შემდეგ გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოსთან კოორდინაციით შეიქმნება დამკრძალავი კომისია, პანაშვიდები კი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვა გამოცხადდა. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.