ხაშურში სიმამრის მოკვლასა და სიდედრის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მძიმე დანაშაული 2025 წლის 18 ივნისს ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემზარავი დანაშაული 2025 წლის 18 ივნისს ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბრალდებულმა შურისძიების მოტივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მამას განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე ბრალდებულმა მეუღლის დედაზე იძალადა, შემდეგ კი გააუპატიურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 11 პრიმა 137-ე (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ოჯახის წევრის მიმართ) და 126 პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) ჰქონდა წარდგენილი.