სტიქია ტყიბულში: დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

სოფელ კურსებში მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული 12 მარტს განვითარდა.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული 12 მარტს განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40 ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. განხორციელდა დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია. პირველადი შეფასებით, სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა მიიღო. ბრძანების შესაბამისად, 12 მარტს სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს ტყიბულის მერიის მომართვის საფუძველზე შეუძლიათ ერთჯერადად უფასოდ მიიღონ:
პირადობის ელექტრონული მოწმობა (იმავე დღეს);
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაზარალებულ პირს 12 მარტისთვის უფიქსირდებოდა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის ფლობა);
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათ შორის, დაბადებისა და ქორწინების განმეორებითი მოწმობები.
სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ასევე გათავისუფლდებიან მომსახურების საფასურისაგან, თუ დოკუმენტების გაცემისას საჭირო გახდება სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა.
მეწყრული ზონიდან ევაკუირებული მოსახლეობა გეოლოგიური დასკვნის მოლოდინშია. ექსპერტები ამ ეტაპზე მეწყრის განმეორებითი ჩამოწოლის საფრთხეს სწავლობენ, რის შემდეგაც გადაწყდება, რამდენად უსაფრთხოა ტერიტორიაზე დაბრუნება.
სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახი ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განთავსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. გარდა ამისა, დაზარალებულ მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამედიცინო კონსულტაციები უტარდებათ.
მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.
ბოლო წლების განმავლობაში სოფელ კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.