თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
წელს პროგრამა 2.000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად კერძო სექტორიც მიემატა.
პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის მერიასა და "საქართველოს ბიზნეს ასოციაციას" შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში.
მემორანდუმს თბილისის მერმა კახა კალაძემ და "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მოაწერეს ხელი.
"ისწავლე და დასაქმდი" მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სწავლის ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ზუსტ თანხვედრაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში შრომის ბაზარი ითხოვდა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც სამწუხაროდ, დეფიციტი იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გადამზადების და პროფესიოონალიზმის ამაღლებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო პროექტებისა და პრაქტიკული პროგრამების განხორციელებას, ასევე, კადრების მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრისა და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
გარდა ამისა, პროგრამაში მიმდინარე წლიდან არსებითი ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18-ის ნაცვლად, განისაზღვრა 16 წლით; პროგრამის გადამზადებულთათვის ამოქმედდა კარიერული კონსულტირების სერვისი, რომელიც პროგრამის მონაწილეებს დაეხმარება პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კომუნიკაციაში.
გარდა ამისა, თანამედროვე გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მიმდინარე მიღებაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო - ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა, ამ მიმართულებით კი დაემატა ისეთი ახალი კურსები, როგორებიცაა: დრონის მართვის შემსწავლელი კურსი; ელექტროდამტენების სპეციალისტი; ხელოვნური ინტელექტი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; ვებსაიტების აწყობა ხელოვნური ინტელექტით და სხვა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე - dasakmdi.ge. მასში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელიდან დღემდე 15 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაგანაც 75% დასაქმებულია.
.