პატრიარქის მდგომარეობა კვლავ მძიმე: კლინიკაში თურქ რეანიმატოლოგს ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ თურქი სპეციალისტის დასკვნები დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა მისი რჩევებიც ურიგო არ იქნება
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელი სოფიო ასპანიძე აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული და საყურადღებოა.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათისკენ მოულოდნელად გაუარესდა - ის კავკასიის მედიცინის ცენტრში კუჭიდან სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, დღეს, მოგვიანებით კლინიკაში თურქეთიდან ელოდებიან რეანიმატოლოგს, რომელიც პატრიარქის მკურნალობაში ჩართული ექიმების გუნდს შეუერთდება.
„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. რჩება კრიტიკული პარამეტრები. მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს. ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ. ჩავატარეთ კონსილიუმი, რეანიმატოლოგების მონაწილეობით, ერთობლივად შეჯერებული ტაქტიკით და ასევე, შეთანხმებული, მანამდე ჩატარებული მკურნალობის ყველა პროცედურაზე თანხვედრით, ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მართვას, მათ შორის ისინიც არიან უკვე დისტანციურად ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა მედიკოსმა.
მისი თქმით, პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა ამ მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომელიც მის მართვას სჭირდება. სიტუაცია მართულია, თუმცა ფასდება როგორც „კრიტიკულად მძიმე კატეგორია“.
„კრიტიკული ფაზები არის ძალიან ინდივიდუალური, დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამიტომ, ხდება ყველა ანალიზის და ყველა პარამეტრის კონტროლი საათობრივად, ფაქტობრივად და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები, ანუ წნევა, პულსი, იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი ორგანიზმის მიერ. საკმაოდ ვარირებადია მდგომარეობა, რადგან აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი საჭიროება, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა, რა თქმა უნდა, სიტუაცია მართულია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება“, – განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
რაც შეეხება პატრიარქის უცხოეთში გადაყვანას, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც კლინიკაში დილიდან იმყოფება.
„ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთია, არ არსებობს ობიექტური საფუძველი, რომ შეიძლება, სხვაგან მკურნალობა უკეთესი ეფექტის მომტანი იყოს. ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს, ეს დაადასტურა დღეს გამართულმა კონსილიუმმა. მეთოდოლოგია, მკურნალობის სისტემა რეალურად არის გამართული, არავითარი დამატებითი შენიშვნა ან კორექტივი ამ მეთოდოლოგიაში შეტანილი არ ყოფილა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, გუშინ, დაახლოებით შუადღისას, გაჩნდა პრობლემა, კერძოდ, იყო სატურაციის ვარდნა, შესაბამისად, მკურნალმა ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პატრიარქი გადაყვანილი ყოფილიყო ჩაფიძის კლინიკაში.
„მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინის პრობლემებიც არსებობდა, ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა და დაუყოვნებლივ, წუთებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლიპროფილურ დაწესებულებაში პატრიარქის გადაყვანის შესახებ. აქაც დაუყოვნებლივ გადაწყდა შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრი ასევე შეეხო თურქი ექიმის მოწვევის საკითხს.
„დილიდანვე, პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი-რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. შესაბამისად, კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ დასკვნები პრაქტიკულად დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, იქნებ, იყოს რაიმე უკეთესი რჩევაც“, - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კლინიკაში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, სასულიერო პირები.
საპატრიარქოში მორწმუნეებს გაძლიერებული ლოცვისკენ მოუწოდეს.
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.