თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კავკასიის მედიცინის ცენტრში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათისკენ მოულოდნელად გაუარესდა - ის კავკასიის მედიცინის ცენტრში კუჭიდან სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შალვა პაპუაშვილი
© photo: Sputnik / Stringer
როგორც კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს.
"მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო და მადლობას გადავუხდი ექიმებს. ყველა არის ბოლომდე ჩართული. მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ამ ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ სამედიცინო ჩარევით შესაძლებელი გახდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გამოსწორება.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. ახლა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ყველა ვიდგეთ ერთად, ვილოცოთ მისთვის. ექიმები განიხილავენ საკითხებს რა როგორ უნდა გადაწყდეს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე ასევე გაეცნენ პრეზიდენტი მიხეილ ყავლეაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მივიდნენ სასულიერო პირები, მათ შორის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე ადგილზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
კახა კალაძე
© photo: Sputnik / Stringer
პატრიარქს სისხლდენის შესაჩერებლად ჩაუტარდა ენდოსკოპიური პროცედურა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი "ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია და საყურადღებოა, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება პაციენტის აბსოლუტურად მართვა და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება".
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი
© Stringer
საპატრიარქოში მორწმუნეებს გაძლიერებული ლოცვისკენ მოუწოდეს.
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.