თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რთველი 2026-ის დროს მევენახეებს ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლამ.
"ძალიან მნიშვნელოვანია მეღვინეობის შემდგომი დარგის განვითარება, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ ხარისხზე. ღვინის ხარისხი უმნიშვნელოვანესია, რადგან 8000-ს წლიანი ისტორია მარტო სიამაყის საგანი არ არის, ეს არის ასევე პასუხისმგებლობა", - აღნიშნა მეხუზლამ.
რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, როდესაც მოსავალი ჭარბია და კერძო სექტორიდან მასზე მოთხოვნა არ არის,
სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული შემდეგი ფასები: ყურძენი, რომლის შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.
რაჭის რეგიონში კი რთვლის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ყურძნის სუბსიდირებას: სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ 1 კგ ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სანაცვლოდ, მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
"სუბსიდირების პროგრამა რაჭული ღვინის მწარმოებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ნედლეული უფრო დაბალ ფასად ხელმისაწვდომი ხდება და კომპანიების მხრიდან მასზე მოთხოვნა იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, რადგან რაჭაში შენდება ახალი ვენახები, მოსახლეობა უფრო მეტად არის მეღვინეობაში ჩართული და ამ დარგის განვითარება მიგრაციის პროცესს აფერხებს", - განაცხადა კომპანია "გონაძეების ვენახების", დამფუძნებელმა ზაურ გონაძემ.
ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით წელსაც შეიქნება რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს.
გასულ წელს საქართველოში 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა - შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში კი ჩართული იყო 500-ზე მეტი ღვინის საწარმო.
წინა წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
რაჭის რეგიონში კი სუბსიდირების პროგრამა კვლავ განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა.
სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ "ალექსანდროულის", ასევე, 1 კგ "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.