იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, ფაქტები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა, ნატქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სოფლებში, ობჩასა და საწაბლეში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ტერიტორიებიდან ამოღებულია 1 ერთეული მურყანის (თხმელა) და 6 ერთეული "წითელი ნუსხის" წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).
"ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
მატივე ცნობით, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. პარალელურად, დეპარტამენტი, მათ შორის, დასავლეთის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.
შედეგად, 2025 წლის განმავლობაში, მხოლოდ იმერეთში უკანონო ტყით სარგებლობის 245 ფაქტია გამოვლენილი. დალუქულია - 20 უკანონო სახერხი საამქრო.
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.