თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ქმედებები და ძალისხმევა საქართველოს მიმართ უაზრო და არაობიექტურია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, კალასმა განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაცია სულ უფრო სერიოზული ხდება. მან აღნიშნა, რომ ქართველი დიპლომატებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვა 6 მარტიდან მოქმედებს და ევროკავშირი განიხილავს ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო დამატებით ზომებს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა, მისი თქმით, „სწორი მიმართულებით არ მოძრაობს“.
„კაია კალასი საქართველოსთვის რამე კარგს რომ არ გააკეთებს, ვიცით, მაგრამ მისი ძალისხმევა უკვე სასაცილო ხდება, მსოფლიო დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი არაობიექტურია. მას ამერიკიდან საერთოდ არ ხვდებიან. გადაწყვეტილებები ხალხს არ შეეხება, იმდენად უაზრო ნაბიჯებს დგამენ“, - განაცხადა შარმანშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები უკან იხევს. მან ხაზი გაუსვა, რომ პირიქით, ქვეყანაში პროგრესი შეიმჩნევა, რასაც საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები ადასტურებს.
მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შენარჩუნებულია მთავრობის გონივრული პოლიტიკის წყალობით.
„კარგად ნახონ და აღიქვან, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ერთადერთი მშვიდობის კუნძული არის საქართველო. საქართველოში ეს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა იმიტომ არსებობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და არ ექვემდებარება შანტაჟს და ზეწოლას, რომელიც, სამწუხაროდ, მოედინება ჯერ კიდევ იმ ძალებიდან, რომელთაც თვალში ვეჩხირებით, დაბალი ღობე ვგონივართ და არ სურთ საქართველოში ამ ვითარების კვლავ გაგრძელება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.