უნგრეთის მთავარი დიპლომატი: საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში მოუთმენლად ელიან

თუ არჩევნებში პატრიოტები იმარჯვებენ, ევროკავშირი ამბობს რომ დემოკრატია მოკვდა, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში მოუთმენლად ელოდებიან, რათა კიდევ ერთხელ გამოხატონ პატივისცემა საქართველოს ხელისუფლების პატრიოტული პოლიტიკის მიმართ, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. დოკუმენტში ხელსუფლება დადანაშაულებულია ოპონენტების დევნაში. ევროპარლამენტი მოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას და მათ პოლიტპატიმრებს უწოდებს. უნგრეთი, თავის მხრივ, არ იზიარებს ევროკავშირის კრიტიკულ რეზოლუციებს საქართველოსთან დაკავშირებით.
„მოუთმენლად ველით კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ბუდაპეშტში. საქართველოს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას“, - განაცხადა სიიარტომ.
რაც შეეხება ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას, მისი თქმით, ის დიდ კრახს განიცდის და დროა დავიწყებას მიეცეს.
„ყველაფერს მარტივად ვხედავთ - როცა პატრიოტები იმარჯვებენ, ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მოკვდა, თუ ლიბერალები იმარჯვებენ - მაშინ ეს მაღალი ფორმის დემოკრატიაა“, - აღნიშნა სიიარტომ.
ბოლო რეზოლუციაში ევროპარლამენტარები გამოთქვამენ შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ასევე გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო.
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.