თბილისში გზის ინფრასტრუქტურის ინოვაციებზე საერთაშორისო სამიტი გაიმართა

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო დერეფანია, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - Georgia Rubberized Asphalt Summit 2026 (GRAS 2026), რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს ეძღვნება, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის ექსპერტებს, ინჟინრებს, ინდუსტრიისა და მთავრობის წარმომადგენლებს აერთიანებს და მისი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განხილვა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
სამიტის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია საქართველოს საგზაო სამშენებლო სტანდარტების კიდევ უფრო დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების, მათ შორის, მოდიფიცირებული ასფალტბეტონის გამოყენებით.
"საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო დერეფანია", - განაცხადა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას რევაზ სოხაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროფესიონალებისა და მეცნიერების მასპინძლობა, რათა ქვეყანამ უკეთ გაიზიაროს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თანამედროვე მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკა.
კონფერენცია ორგანიზებულია კომპანიების Tegeta Green Planet-ისა და Wasteless-ის მიერ, საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორის - Rubberized Asphalt Foundation (RAF)-ის მხარდაჭერით.
სამიტში მონაწილეობენ გზის ინჟინერიის სფეროს საერთაშორისო სპეციალისტები, მათ შორის Rubberized Asphalt Foundation-ის თავმჯდომარე დოქტორი ჯორჯ ბ. უეი, Consulpav International-ის თავმჯდომარე დოქტორი ჟორჟე ბ. სოუზა და ტრანსპორტის ინჟინერიის ექსპერტი, პროფესორი შაქირ შატნავი.