სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას იწყებს

წელსაც ჩატარდება მასშტაბური ღონისძიებები. სპეციალიზებული ტექნიკა სრულად არის მობილიზებული, განაცხადეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2026 წლის პროგრამა თებერვალში დაამტკიცა, პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის შემცირება. პროგრამის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და კონსულტაცია, მონიტორინგის სისტემების გამოყენება, აზიური ფაროსანას მართვის ღონისძიებები და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები.
"ტემპერატურის მატებასთან ერთად, მოზამთრე ფაზიდან გამოსული აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ ინაცვლებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას იწყებს.დროული რეაგირებისა და რისკის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს", - აღნიშულია ინფორმაციაში.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა დავით აშორდიამ რეგიონების ჯგუფის უფროსებთან მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილა.
ინტენსიური წამლობების დაწყებამდე, სააგენტოს სპეციალისტები "მონიტორინგის ხაფანგების", "მოიზიდე და გაანადგურე სადგურების", ფერომონიანი ხაფანგების განთავსებას იწყებენ. მონიტორინგის შედეგად კი, შემდეგ ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით მეთოდით დაიწყება.
"წელსაც, წინა წლების მსგავსად, ჩატარდება მასშტაბური ღონისძიებები. სპეციალიზებული ტექნიკა სრულად არის მობილიზებული. ჩვენი პრიორიტეტია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა", - განაცხადა დავით აშორდიამ.
სამუშაო შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ონიანიც ესწრებოდა. ირაკლი ონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასულ წელს აჭარაში მავნებლის საწინააღმდეგოდ ჩატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზიანი მინიმუმადე შეამცირა და ციტრუსის მოსავლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობას, რაც კომპლექსური ღონისძიებების ეფექტიანობისათვის უმნიშვნელოვანესია. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მავნებელთან ბრძოლის პარალელურად, მოსახლეობის ინფორმირებულობასაც აქტიურად გააგრძელებენ.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი განსაკუთრებით საშიშია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შემდგომ წლებში მან თხილის, ციტრუსისა და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
შედეგად, საქართველოს მთავრობამ მავნებლთან საბრძოლველად სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგ და ტერიტორიების ქიმიური დამუშავება.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იქნა აღიარებული. ამჟამად საქართველო თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.