თბილისი, 15 მარტი - Sputnik. საქართველომ უნდა დაიწყოს ფართო პოლიტიკური დიალოგი, რომელიც იქნებოდა მიმართული შიდა პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციისკენ, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არსებობს, ნათქვამია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც პარტიის მმართველი საბჭოს სხდომის შემდეგ მიიღეს.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგის მთავარი პირობა ოპოზიციის მიერ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაა.
„დღეს საქართველოს სჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აუცილებელია დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.
„დღეს საქართველოს ირგვლივ შექმნილია უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური ვითარება. რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს უშუალო სიახლოვეს შეიარაღებული კონფლიქტები მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს და საქართველოს ახალი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ფონზე, როგორც „ლელოში“ აღნიშნავენ, განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნის შიგნით არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო ასუსტებს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობას ეფექტურად უპასუხოს გარე საფრთხეებს.
როგორც ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნამ დაადასტურა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი ღრმა კრიზისი; ეს დასკვნა არის საერთაშორისო საზოგადოების ვერდიქტი „ქართული ოცნების“ მიმართ და პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კურსის პირობებში, სტაბილური და ევროპული მომავლის მქონე მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერსპექტივა არ არსებობს.
„ლელოს“ წინადადებები:
არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს შექმნის.
ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
„ძლიერი საქართველო-ლელო“ მზად არის პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეუთოს ანგარიში აღწერს საქართველოში „მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას“ და მიუთითებს „ძალადობისა და უფლებების დარღვევის სისტემურ ბუნებაზე მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“.
რა წერია ანგარიშში
ანგარიშის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიის შესამჩნევი უკუსვლა მოხდა.
„მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში“, - ნათქვამია ანგარიშში.
მომხსენებლების თქმით, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით.
„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
მომხსენებლების აზრით, მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს, ასევე, განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებული რიტორიკა.
ეუთო-ს რეკომენდაციები
ეუთო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნების დარღვევების შესახებ ყველა ბრალდებაზე. განხორციელდეს არჩევნების ორგანიზებაში აუცილებელი ცვლილებები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ეუთო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითდინებით დაწყებისგან. უკან გაიწვიოს ამჟამად განხილვის პროცესში არსებული განაცხადები, უკან გაიწვიოს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საბოტაჟში და უცხოური ძალებისთვის დახმარების შესახებ წაყენებული ბრალდებები.
რეკომენდაციებს შორისაა ასევე ისეთი კანონების გაწვევა (ან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა), როგორიცაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები.