კობახიძემ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში საქართველოს შესახებ პუნქტებად გააკრიტიკა

ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან შეთანხმებული იყო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში საქართველოს შესახებ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით შედგა და არ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ კრიტერიუმებსაც, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ეუთოს ანგარიში აღწერს საქართველოში „მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას“ და მიუთითებს „ძალადობისა და უფლებების დარღვევის სისტემურ ბუნებაზე მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული მოხსენების ავტორმა არ ახსენა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტები, მათ შორის ეუთი/ოდირის მისიის შეფასება საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა, განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ანგარიშის ავტორს რატომღაც „დაავიწყდა“ იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა.
„გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითიც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის.
ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის ხსენების კომენტირებისას, კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთო-ს ანგარიშის ავტორი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც, პრემიერის თქმით, მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა.
„ანგარიშის ავტორი ითხოვს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას. უფრო კონკრეტულად, ის უარყოფითად აფასებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციისა და სქესის შეცვლის წინააღმდეგ მიმართულ ნორმებს. ის, ასევე, უარყოფს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ, დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. მთავრობის მეთაურის თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ავტორი აკრიტიკებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს და მის გაუქმებას ან მნიშვნელოვან გადახედვას მოითხოვს და ამ დროს მან „სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული“.
პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის კანონის მიღების მიზანია დაიცვას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული სისტემა „ამგვარი უხეში გარე ჩარევებისგან“.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ავტორი შეშფოთებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, რომლითაც ისინი გარკვეული პარტიების აკრძალვას ითხოვენ და ასევე სისხლის სამართლის საქმით, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკოსების მიერ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით აღიძრა.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, აბსოლუტურად კომიკურია ის ფაქტი, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში გამოიძებნა ადგილი უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ანგარიშში ნახსენებია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მრავალრიცხოვანი შემთხვევები რადიკალური ოპოზიციისა და აქტივისტების მიმართ.
„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორმა თავად წამების ვერცერთი ფაქტი მტკიცებითი ფორმით ვერ დაადგინა, სიტყვა „წამებას“ ის, მართალია არა მტკიცებითი ფორმით, მაგრამ მაინც, ანგარიშში მრავალგზის იყენებს“, - განაცხადა კობახიძემ.
რა წერია ანგარიშში
ანგარიშის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიის შესამჩნევი უკუსვლა მოხდა.
„მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში“, - ნათქვამია ანგარიშში.
მომხსენებლების თქმით, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით.
„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
მომხსენებლების აზრით, მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს, ასევე, განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებული რიტორიკა.
ეუთო-ს რეკომენდაციები
ეუთო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნების დარღვევების შესახებ ყველა ბრალდებაზე. განხორციელდეს არჩევნების ორგანიზებაში აუცილებელი ცვლილებები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ეუთო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითდინებით დაწყებისგან. უკან გაიწვიოს ამჟამად განხილვის პროცესში არსებული განაცხადები, უკან გაიწვიოს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საბოტაჟში და უცხოური ძალებისთვის დახმარების შესახებ წაყენებული ბრალდებები.
რეკომენდაციებს შორისაა ასევე ისეთი კანონების გაწვევა (ან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა), როგორიცაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები.
კიდევ ერთი რეკომენდაციაა - “ოჯახის ღირებულებების შესახებ კანონის” გაწვევა. ეს კონკრეტულად, მაგრამ არა მხოლოდ, ეხება ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის ინცესტთან გათანაბრებას, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას, მათ შორის შეკრებებით, გენდერის დამამტკიცებელი მოვლისა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში სქესის მარკერების შეცვლის აკრძალვას.
ეუთო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ან გადახედოს ის რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების თავისუფლებას (როგორებიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივის წესრიგის მოსაზრებებს შორის.
ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, უზრუნველყონ ძალის პროპორციული გამოყენება ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი მომიტინგეების წინააღმდეგ და ჩაატარონ მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით.
ეუთოს რეკომენდაციაა ასევე, გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივით დაკავებული ყველა პატიმარი, მათ შორის ოპოზიციის წევრები, ჟურნალისტები და საჯარო დებატების სხვა მონაწილეები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისთვის დააკავეს.
ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, სასამართლო სხდომების გამჭვირვალობა და ყველა მხარის ინფორმირებულობა საქმის დეტალების შესახებ.
საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდეს, ვენეციის კომისიისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) რეკომენდაციების შესრულებისკენ და აღიარონ საერთაშორისო ჰუმანიტარული ფაქტების დამდგენი კომისიის კომპეტენცია 1949 წლის ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის შესაბამისად. ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს რატიფიცირება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის დანარჩენი ცვლილებების, ასევე 2006 წლის ყველა პირის ძალადობრივი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია.
საბოლოო ჯამში, ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოდან 32-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოს შესახებ დასკვნას, რომელიც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადდა. აგრეთვე 32 სახელმწიფო არ შეუერთდა განცხადებას, რომელიც წინა დღეს გამოქვეყნდა.