თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო 17 მარტს აბანოს ქუჩაზე იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
აბანოს ქუჩა ტრანსპორტისთვის 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე იქნება გადაკეტილი.
შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეეძლებათ.
ნოვრუზ–ბაირამი მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ.