თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია, მერია მოუწოდებს მოსახლეობას თავის შეიკავონ სტიქიის ზონაში შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული, განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა
სოფელ კურსებში მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული 12 მარტს განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40 ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. განხორციელდა დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.
"სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალული", - აღნიშნა ტყიბულის მერმა.
მეწყრული ზონიდან ევაკუირებული მოსახლეობა გეოლოგიური დასკვნის მოლოდინშია. ექსპერტები ამ ეტაპზე მეწყრის განმეორებითი ჩამოწოლის საფრთხეს სწავლობენ, რის შემდეგაც გადაწყდება, რამდენად უსაფრთხოა ტერიტორიაზე დაბრუნება.
"იმდენად დაიშალა სახლები, ზოგი სულ მიწასტან არის გასწორებული, ზოგი იმდენად დაშლილია და ეზოებში ნაპრალებია, საერთოდ ვერ შევიდნენ და ვერაფერი გამოიტანეს. ღამით, 4 საათზე რითაც გამოვიდნენ, იმით არიან გამოსულები. ჯერჯერობით ვერაფერს გვეუბნებიან, იმიტომ, რომ პროცესი ნელ-ნელა კიდევ მიმდინარეობსო. ზარალს ჯერ ვერავინ დაითვლის“, - განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახის ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განთავსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
გარდა ამისა, დაზარალებულ მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამედიცინო კონსულტაციები უტარდებათ.
"ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება", - განაცხადა მერმა.
სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლები კოორდინაციაში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა პროფილის ექიმები დაზარალებულებს საჭიროებისამებრ, პირველად დახმარებას უწევენ.
ადგილზეა სათანადო სამედიცინო აპარატურა. სიტუაციის შესაბამისად მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც, აღნიშნეს მერიაში.
გარდა ამისა, „ინფო იმერეთმა“ სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სტიქიის ახალი კვალი ჩანს - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთიშიც საავტომობილო გზა დაიბზარა. ოფურჩხეთსა და კურსებს შორის მანძილი 6 კილომეტრს შეადგენს, სოფელ კურსებში მოიპოვება მოსაპირკეთებელი ქვა ტეშენიტი და მუშაობს მოსაპირკეთებელი ფილების დამამზადებელი ქარხანა. სოფელ ოფურჩხეთში კი გრანიტის საბადოა.