თბილისი, 15 მარტი - Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს შესახებ დიდი ხანია რეალობას არის მოწყვეტილი, განუცხადა „პირველ არხს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. დოკუმენტში ხელსუფლება დადანაშაულებულია ოპონენტების დევნაში. ევროპარლამენტი მოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პოლიტიკოსებს და მათ პოლიტპატიმრებს უწოდებს.
„დიდი ხანია, ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის რეზოლუციები, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, აცდენილია რეალურ ჩარჩოებს და რეალობის შეგრძნებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.
„ევროპარლამენტის იმდენი აბსურდული ჩანაწერი, დასკვნა და მოთხოვნა ვიხილეთ, ჩვენ რომ ასე გვევლო, დღეს შეიძლება, საქართველო აღარ ყოფილიყო. შესაბამისად, ვერაფრით ვერ მოვუსმენთ მოსაზრებებს, რასაც აჟღერებენ ადამიანები, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობა არ ამოძრავებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ევროპარლამენტარები გამოთქვამენ შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ასევე გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.