თბილისი, 14 მარტი - Sputnik. ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან. ამის სესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტომ "ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის" განხორციელება მიმდინარე თვეს დაიწყო. პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
უწყების ცნობით, სააგენტო ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სუბიექტებსა და დაინტერესებულ მხარეებს ხვდება.
"შეხვედრაზე ვეტერინარულმა კლინიკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული მანიპულაციების, კერძოდ პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის განხორციელების პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში მონაწილეებმა ასევე ვეტერინართა სავალდებულო სერტიფიცირების მიმდინარეობა და სახელმწიფო კონტროლის ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად მიკროჩიპის გამოყენებით ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს.
თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას ჩაუტარებს უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს, რომელთაც რეგიონის მიხედვით გადაიყვანს თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში.
გარდა არსებული თავშესაფრებისა ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.