თბილისი, 14 მარტი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ ვითარებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული 12 მარტს განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. განხორციელდა დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.
სააგენტოს ცნობით, ამ დროისათვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.
"მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები.
მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.
ბოლო წლების განმავლობაში სოფელ კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.