თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 10 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში მოხდა. ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით მამაკაცს მეუღლის თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.