თბილისი, 13 მარტი - Sputnik. დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც უკრაინის დაზვერვის დავალებით მოსკოვის, ტულისა და ტვერის ოლქებში სამხედრო ობიექტებისა და ნაწილების შესახებ მონაცემებს აგროვებდნენ, იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
უწყების განმარტებით, ბრალდებულებმა კავშირი დაამყარეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან (GUR), რათა დახმარება გაეწიათ უცხოური სპეცსამსახურისთვის რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში.
„კურატორების დავალებით, მათ განახორციელეს მოსკოვის, ტულისა და ტვერის ოლქების ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტებისა და ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მოწინააღმდეგისთვის გადაცემა“, — ნათქვამია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა აღიარა, რომ სამხედრო ტექნიკის ეშელონს ვიდეო გადაუღო და უკრაინულ სპეცსამსახურებს გადასცა. მისი თქმით, ამას იმ მიზნით აკეთებდა, რომ „ხელი შეეწყო უკრაინის წარმატებისთვის ბრძოლის ველზე და ზიანი მიეყენებინა რუსეთის ფედერაციისთვის“.