მარნეულში ბაზალტის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის პირობების კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2025 წლის ივნისიდან ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 335 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა.
სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 ათასი ლარია.
რადგან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მხოლოდ ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2025 წელს წიაღის უკანონო მოპოვებისა და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევის 100-მდე ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. კერძოდ, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის პირობების კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2025 წლის ივნისიდან ახორციელებს.