თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ქვეყნის სანქციებისგან თავის არიდების „შავ ხვრელად“ წარმოჩენა, მათ შორის ყულევის ნავთობტერმინალის ფუნქციონირების გარშემო არსებული სპეკულაციები, ქვეყნის ეკონომიკის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ბოლო დროს საქართველოს წინააღმდეგ არაერთი გახმაურებული ბრალდება გაისმა: თითქოს მის ტერიტორიაზე მოქმედებს „ტერორისტული უნივერსიტეტები“, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ირანის გავლენა ქვეყანაში, ასევე გაისმა ყულევის ნავთობტერმინალის დასანქცირების მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის საერთაშორისო სანქციების შეუსრულებლობის გამო.
„ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, საქართველოს პროირანულ ძალად წარმოჩენას ცდილობენ იგივე ძალები, ვინც ცდილობდა, საქართველო პრორუსულ ძალად წარმოეჩინა 2022 წლის შემდეგ.
„სრულიად მერკანტილური ინტერესები აქვთ, მათი ერთადერთი ინტერესია, პირნათლად შეასრულონ დავალებები. მიყვებიან სცენარს, რაშიც გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ყულევის პორტი აგენტურამ მიზანში იმიტომ ამოიღო, რომ ის ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული და მთავარი ობიექტია.
„ერთ-ერთი სტრატეგიული, მთავარი ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის. სერიოზული, ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაარტყამენ ამას. დღეს ვხედავთ რა ხდება ევროპაში, რა გამოიწვია ამ სიტუაციამ - [ფასების] კატასტროფული ზრდა ენერგომატარებლებზე. როდესაც ბრიტანეთის ელჩი აცხადებდა, რომ ევროპაში პირობითად ათჯერ გაძვირებულ გადასახადს იხდიან მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეებმა რატომ არ უნდა გაიზიაროს ეს ბედიო“, - განაცხადა კირცხალიამ.
მან აღნიშნა, რომ ყულევის პორტის სანქციების პაკეტში ჩართვის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საუბრობდა.
„გერმანიის ელჩი ამას ძალიან სერიოზულად და გულის ტკივილით ქადაგებდა, თითქოს ჩვენ ქვეყანაზე შესტკივა გული“, - აღნიშნა მან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის პოზიცია მკაფიოა: ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რომ მოსახლეობამ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი იხადოს საწვავში, 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი იხადოს კომუნალურ გადასახადებში.
„ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყანა სანამ ეკონომიკურად მდგრადი და სტაბილურია, სადაც მშვიდობის პოლიტიკა აქვს ხელისუფალს, იქ ძალიან რთულია აგენტურის მოქმედება, აგენტურის არეალი მაქსიმალურად შეზღუდულია“, - განაცხადა კირცხალიამ.
თებერვლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ყულევის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიას, ასევე დაარწმუნა იგი, რომ პორტი არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.
მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
ყულევში ნავთობტერმინალი, რომელიც ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს, ათწლეულებია ფუნქციონირებს და მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ (SOCAR). ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.
10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების სიიდან ამოიღო.
ირანთან დაკავშირებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მარტს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება გარკვეული პოლიტიკოსების მიერ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.
თავდაცვის ექს-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერს ირანს და ფაქტობრივად „ტერორისტების სკოლას“ წარმოადგენს. მედიაში ასევე გამოჩნდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანაავტორიც არის ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანი საქართველოში გეგმაზომიერად და ორგანიზებულად „აფართოებს გავლენას“ და „გავლენის ინფრასტრუქტურას“.